დიდება უკრაინას!

ალბათ, ორი თვის წინ რომ გეკითხათ, ვერც ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი სიტუაცია იქნებოდა მსოფლიოში, კონკრეტულად – ევროპაში და უფრო კონკრეტულად – უკრაინაში, ქვეყანაში, რომლის ბედიც ძალიან ჰგავს ჩვენსას. ისედაც დათრგუნულ და მელანქოლიურ გარემოსა და ხალხში ახლა შიშის სუნიც შეიპარა. ირგვლივ, ყველგან, ყველა კუთხე-კუნჭულში, ბრაზისა და შიშის სუნი დგას, მაგრამ ეს შიში არაა სისუსტის, პირიქით – პატრიოტი და თავდადებული ხალხისგან მოდის, რომლებმაც იციან, რომ ალბათ ყველანი სისხლის ბოლო წვეთამდე მყარად დავდგებით და დავეხმარებით უკრაინას, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. სწორედ ამიტომ შეიძლება ყველა ერთად წავიდეთ იქ, ზემოთ, ვარსკვლავებთან. განა 2008 წელს იგივე არ მოხდა? ჟრუანტელი მივლის სხეულში და მეც ყველასთან ერთად ძალიან ვითრგუნები, ეს ის მომენტია, ათეისტებიც რომ ლოცვას იწყებენ, თავიანთ ცხოვრებისეულ კრიტერიუმებს ივიწყებენ და გადადიან გაძლიერებულ ფიქრსა და თხოვნაზე და განა რა არის ლოცვა, თუ არა ფიქრი და ლაპარაკი საკუთარ თავთან, გარშემო ყველაფერთან სულიერი კავშირის დამყარება და, რაც მთავარია, ხსნისადმი ლტოლვა?! თვალწინ მიდგას ველოსიპედით მოსიარულე ბავშვი და უცებ არაფრის ხმა გარდა სიკვდილისა. ვიდეოები, ფოტოები, სიტყვები, გავრცელდა ხალხში და დაილექა.

ჩვენ, ქართველნი კილომეტრების მოშორებით და ჯერჯერობით სიმშვიდის ქვეშ მყოფნი, უკვე ვნერვიულობთ. შვლებს ვგავართ, ნადირობისას თოფის გასროლამდე რომ იყურებიან, კატებს ვგავართ, დაჩხაპნილ სავარძელს რომ განიცდიან და გულუბრყვილო თვალებით იყურებიან. თავიდან ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ჩემს თითოეულ კუნთს ვგრძნობ, როგორ იჭიმება. ქალაქში დაძაბულობაა. სისხლისფერი რუსეთი დაბრუნდა და არაყში გარეული სისხლის სუნიც გამოიყოლა. რა დავაშავეთ ან რატომ? ალბათ, წესიერად ვერც ვერასდროს გავიგებთ, რადგან ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს. აი, ესაა ძალაუფლებით შეპყრობილი ხალხის შედეგი, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ბოლოს მაინც ძირს ეცემიან ხოლმე.

ბევრჯერ გამიგია ფრაზა, რომ ომს გამარჯვებული არ ჰყავს და ვფიქრობ, ნეტავ, გამარჯვება არ იქნება ის ჟივილ-ხივილი, ბოლო ტყვიის გასროლისას, რომ გაანალიზებენ, რომ ყველაფერი დამთავრდა?! დამთავრდა და გარშემო ყველგან სიჩუმეა. დღეს უკრაინაა გასაჭირში, გარშემო ყველგან ბავშვებთან თუ მოხუცებთან, კაცებთან თუ ქალებთან, ყველას გვერდზე ყოველ წუთას ტყვიის შუილით ჩავლის ხმა ისმის. აივანზე ვზივარ და ცას ვუყურებ, თითქოსდა მეჩვენება მაგრამ დამწვრის სუნს ვგრძნობ, რომელიც მარილიან ცრემლსა და სისხლს ერევა, წამოვდექი და გარეთ გავედი, რუსთაველზე აქციას შევუერთდი და ყველა იმ ხალხთან ერთად დავდექი, რომელთაც ის ტკივილი გამოუვლიათ, რასაც ახლა უკრაინა გადის. აი, ყველა ქართველი ვდგავართ ერთად, მუშტებშეკრული, უკრაინის დროშებით ხელში და სწორედ ახლა, ყველანი ერთად ვყვირით: ,,слава Україні” , დიდება უკრაინას!

სტატიის ავტორი: ნუცა ზედელაშვილი

დატოვე კომენტარი

Website Powered by WordPress.com.

ზედა ↑

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე