ასომთავრული დამწერლობა და მისი სიმბოლური დანიშულება

მსოფლიოში სულ 14 დამწერლობაა. მათგან ერთ-ერთი ქართულია. ქართულ ენაში კი სამი დამწერლობა გვაქვს: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ასომთავრული, ანუ მრგვლოვანი ქართული დამწერლობა, უძველესია ქართულ დამწერლობათა შორის.  ის არის ნუსხური და მხედრული დამწერლობის საწყისი და პირველი წყარო.  დროთა განმავლობაში, გრაფიკული ტრანსფორმაციის შედეგად, ასომთავრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ჯერ ნუსხური, შემდეგ კი ნუსხურის საფუძველზე – მხედრული. ადრეულ ასომთავრულში ასოები თანაბარი სიმაღლისაა და თავსდება ორხაზოვან სისტემაში. წერის მიმართულება მარცხნიდან მარჯვნივაა, არცერთ წარწერასა და ხელნაწერში არ დასტურდება წერის სხვაგვარი მიმართულება, თუმცა, ამის მიუხედავად, პავლე ინგოროყვა მაინც მიიჩნევს, რომ ქართულ ანბანში ბერძნულის მსგავსად თავდაპირველად ბუსტროფედონული წერის წესი იყო გავრცელებული, რაც ხაზებში წერის მიმართულების მორიგეობით ცვლილებას გულისხმობს.   ასომთავრული დამწერლობის ასოები აგებულია გეომეტრიული გრაფიკული ელემენტებით — სხვადასხვა სიგრძის სწორი ხაზებით, სხვადასხვა რადიუსის წრეწირებითა და ნახევარწრეხაზებით. ასომთავრული ასოების ეს გრაფიკული ელემენტები ერთმანეთს ყოველთვის მართი კუთხეებით უკავშირდებიან. ამ თავისებურების გამო ქართული ასომთავრულის გრაფიკას ხშირად გეომეტრიულს ან მონუმენტურს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გამოკვეთილი კონკრეტული გრაფიკული ელემენტები და მათი ყოველთვის მართი კუთხით დაკავშირების კანონზომიერება უცნობია სხვა ყველა დამწერლობისათვის, მათ შორის ბერძნულისათვის, რომელიც სავარაუდოდ საფუძვლად დაედო ქართულ ასომთავრულს. გრაფიკულ ელემენტთა მართი კუთხეებით დაკავშირების წესს არღვევს ასომთავრულის ერთადერთი ასო — ჯანი, რომლის შემადგენელი ელემენტებია მახვილი კუთხეებით დაკავშირებული გადაჯვარედინებული სწორი ხაზები.

ასომთავრულის ასო “ჯანი”

ამ გამონაკლისს სხვადასხვა ახსნას უძებნიან მეცნიერები; ელენე მაჭავარიანის აზრით, ჯანის მოხაზულობა იესო ქრისტეს ინიციალების, ინისა და ქანის ჯვარედინად გადაკვეთის შედეგადაა მიღებული და ქრისტეს მონოგრამას წარმოადგენს, რამაზ პატარიძის მოსაზრებით კი, ჯანის ჯვარედინი ფორმა ანბანის დასასრულის მაუწყებელია და იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც მსგავსი მოხაზულობების ფინიკიური თავ – PhoenicianT-01.png, ბერძნული ხი – Greek uc chi.png და ლათინური იქსი – Greek uc chi.png. რამაზ პატარიძემ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ასომთავრულ ასოთა დიდ ნაწილს ზედა ჰორიზონტალური ხაზი აქვს, რაც ასოს ზედა ზღვარია, გაბმულ ნაწერში კი ამგვარი ხაზები ორი პწკარის გამყოფი ჰორიზონტალის ფუნქციასაც ასრულებენ; მისი თქმით, ამავე ფუნქციას ასრულებს ჯანის ზედა ჰორიზონტალური ხაზიც.

VII საუკუნიდან ასომთავრულში იწყება ასოთა გრაფიკის გარკვეული ცვლილებები; კერძოდ შვიდ ასოში (ბ, ჟ, ჳ, ყ, შ, წ, ჭ) შეკრული წრეხაზი მარტივდება და მის ადგილს ცალი მხრიდან გახსნილი რკალი იკავებს; დონი, რომელიც ადრეულ ძეგლებზე ყელის გარეშეა წარმოდგენილი, მოგვიანებით ზედა ჰორიზონტალურ ხაზსა და წრეს შორის პატარა ყელი უჩნდება — Asomtavruli d.svg; ირღვევა ასოთა თანაბარი სიმაღლეებიც — ზოგიერთ ასოს (ბ, გ, ჟ, ფ, ქ, ყ, წ, ყ) ასწვრივი ღერძი უგრძელდება და ვეღარ თავსდება ორხაზოვან სისტემაში

 ახლა განვიხილავთ ასომთავრულ ანბანში ერთ-ერთ სიმბოლო სვასტიკაზე  რომელიც „ქანის“ ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე (卐).აშკარაა, რომ ქართულ რეალობაში სვასტიაკასა და ბორჯღალას იმთავითვე უდიდესი დატვირთვა და საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ. ეს ორნამენტული კომპოზიცია მიიჩნეოდა მზის მისტერიად, სიცოცხლის უკვდავმყოფადობის, საიდუმლო ცოდნის, ძალაუფლების, შემოქმედი ძალის, კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ.

საქართველოში სვასტიკა უძველესი ხანიდან არის ცნობილი. მის ორნამენტებს ადგილობრივი მატერიალური მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულიდან იცნობს, თანაც ყველაზე საინტერესო არის ის, რომ სვასტიკას აჩუქურთმებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამ უძველეს და თავისთავადი მტკვარ-არაქსის, თრიალეთის და კოლხური კულტურის ნიმუშებზე (კერამიკა, ცულები, სამკაულები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, დედაბოძები), მცხეთაში – სამეფო ბეჭდებზე, რაჭაში (რაჭული ცული ძვ. წ. II ათასწლეული) და ა.შ.სვასტიკის ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია შუამდინარეთში (შუმერი) და დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა, საველე, კლდე). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება.

ადრეული ქრისტიანობის დროს რომში სვასტიკის გამოსახულება გვხვდებოდა საფლავის ქვებზე. ცნობილია აგრეთვე კიევის წმინდა სოფიის ტაძრის ცნობილი ფრესკა, რომელსაც კომპოზიციურ ფონად გასდევს სვასტიკის ფორმის ჯვრის სიმბოლოები. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში იატაკზე გვხვდება სვასტიკის გამოსახულებიანი საკმაოდ საინტერესო კომპოზიციები. ამ ჩუქურთმის გამოყენება არც ქართული ეკლესიისთვის არის უცხო — სვასტიკას ჩვენ ვხდებით სვეტიცხოველში, აგრეთვე მისი გამოსახულება მოიპოვება, ქართული კულტურის უძველეს კერაზე პალესტინაში — ჯვრის მონასტრის კედლებზე.

რუბრიკის ხელმძღვანელი და სტატიის ავტორი: ნია წულაია

1 thoughts on “ასომთავრული დამწერლობა და მისი სიმბოლური დანიშულება

Add yours

  1. საინტერესო სტატიაა და კარგადაა განხილული ასომთავრული ანბანი. ერთადერთი მინდა გავამახვილო ინფორმაცია 14 ანბანზე. საქართველოში საკმაოდ გავრეცელებული და უსაფუძვლო ცრუ ინფორმაციაა. ყველაზე უცნაური ის არის რომ მხოლოდ ჩვენს ერშია ჩაბეჭდილი ეგ მცდარი ცოდნა.
    კარგი ნამუშევარია, მაგრამ სჯობს ანბანების რაოდენობაზე უსაფუძვლო ინფორმაცია არ ვახსენოთ.

    Like

დატოვე კომენტარი

Website Powered by WordPress.com.

ზედა ↑

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე